Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი აკრიტიკებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს


საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა ხარვეზებით ჩატარდა და საფრთხეს უქმნის კონკურსის მაღალი სტანდარტით წარმართვას. სახალხო დამცველი პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული 50 კანდიდატი.

სახალხო დამცველი აკრიტიკებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმის გამო, რომ მან კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არ განსაზღვრა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების შერჩევას 1 მაისს მიღებული კანონის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

„აღნიშნული ვითარება კი ქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი ხდება პროცედურას გამოეთიშოს კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის“, - წაიკითხავთ სახალხო დამცველის 28 ივნისის განცხადებაში.

უფლებადამცველი უწყება კვლავაც კრიტიკულად აფასებს იმას, რომ კანონი არ მოითხოვს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი 28 ივნისის განცხადებაში საზოგადოებას სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20 ივნისის კენჭისყრაზე დაკვირვების შედეგებს:

„20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით“.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს:

„შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

სახალხო დამცველი აქვეყნებს ცხრილს, სადაც ასახულია, თუ რომელ ბიულეტენში რომელი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხმების დათვლის დროს ბიულეტენების რიგითობის მიხედვით.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას:

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ზღუდავს იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის მონიტორინგისა და მის მიმართ ნდობის გაჩენისათვის“.

2019 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გასცეს პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია - შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა თითოეულ ეტაპზე განახორციელოს სამართლიანად, უმაღლესი სტანდარტის დაცვით.

XS
SM
MD
LG