ლარის კურსს რყევამ მაისში შესაძლოა ივნისის თვის ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს-ასეთ შეფასებას აკეთებს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის დირექტორი გოგიტა თოდრაძე:
„ არ გამოვრიცხავთ უარყოფით გავლენას. თუ ფასების ინდექსი გაიზრდება, შესაბამისად, ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური ზრდა შედარებით დაბალი იქნება და ეს აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაისში ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება აღინიშნა დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.