Accessibility links

site logo site logo

ბუღაძე: პრემიერი ოცნებობს, მოვითხოვოთ მისი გადადგომა, მაგრამ ანიმაციურ პერსონაჟს ვერ გადავაყენებთ


„ჩვენ აქ ვდგავართ არა პოლიტიკის გამო, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება აქ. რაც აქ და ახლა ხდება, ეს არის მენტალური რევოლუცია“, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე დგას თანამედროვე საქართველო, რომელსაც სურს იცხოვროს ცივილიზებულ, კულტურულ და განვითარებულ ქვეყანაში:

"ჩვენ არ გვინდა, რომ დაგვაბრუნონ წარსულში, მოსაწყენ და აგრესიულ და სამარცხვინო წარსულში. ჩვენ გვინდა ვფლობდეთ ჩვენს აწმყოს და ჩვენს მომავალს.

თავს ნუ იტყუებთ, ნუ გვეჯიბრებით, გაიაზრეთ მორალურად, რისთვის დგას ეს ხალხი აქ.

ჩვენ დაგვახალეს ტყვიები და დაგვიბრმავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და ახლა გვეუბნებიან, რომ ჩვენვე ვყოფილვართ დამნაშავენი და ის, ვინც მართლა დამნაშავეა, ბედავს და კვლავაც იკავებს ადგილს სრულიად არალეგიტიმურად. ჩვენთვის შს მინისტრი არალეგიტიმურია.

დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაში, უამრავი სიმულაციური პოლიტიკური არსება გაჩნდა. პრეზიდენტი გვყავს თუ არ გვყავს, გაუგებარია. პრემიერ-მინისტრი უკვე ოცნებობს, რომ ჩვენ მოვითხოვოთ მისი გადადგომა, მაგრამ იმდენად არარსებულია და ანიმაციური პერსონაჟია, რომ ვერც დავაყენებთ მისი გადადგომის მოთხოვნას, რადგან ის არ არსებობს.

აქ ჩვენ ვიცავთ ჩვენს სინდისს და არა რაღაც პარტიებს და პოლიტიკანებს. ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ აქ“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ლაშა ბუღაძემ.

პარლამენტის წინ, მეცხრე დღეა დემონსტრანტები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG