ბრიტანელი პოპმუსიკოსი ელტონ ჯონი კრიტიკით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს, რომელშიც ის ლიბერალიზმს „მოძველებულს“ უწოდებს და ირწმუნება, რომ რუსეთში „არ არსებობს პრობლემა ლგბტ პირებთან“ მიმართებით.
„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინო, ძალიან გავბრაზდი, როცა წავიკითხე თქვენი ბოლო ინტერვიუ „ფაინანშლ ტაიმსში“. კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს შეხედულებას, რომ პოლიტიკა, რომელიც ღიაა მულტიკულტურული და სექსუალური მრავალფეროვნებისათვის, მოძველდა ჩვენს საზოგადოებებში“, წერს ელტონ ჯონი 28 ივნისის განცხადებაში.
28 ივნისს, უფრო ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში პუტინი გამოთქვამს აზრს, რომ ლიბერალიზმმა თავი ამოწურა და მოძველებულია.
პუტინი ამბობს ასევე, რომ რუსეთში არ არსებობს პრობლემები ლგბტ პირებთან მიმართებით. არადა, რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც 2013 წელს ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალურ „პროპაგანდას“.
72 წლის ელტონ ჯონი, რომელიც აქტიურად იცავს ლგბტ თემის უფლებებს, პუტინის სიტყვებს „ფარისევლობას“ უწოდებს. ცნობილია, რომ პოპვარსკვლავის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილ კინოფილმ „როკეტმენიდან“ რუსმა დისტრიბუტორმა ამოჭრა სცენები, რომლებიც ხელოვანის ჰომოსექსუალობას ეხება.