ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა შოთა ნარსიას ბლოგი, რომელშიც მიმოხილულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
ავტორი წერს, რომ დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და მასში ის გვერდები ჩაერთნენ, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ნარსია წერს, რომ ანონიმური მადისკრედიტირებელი გვერდების განსაკუთრებული გააქტიურება 20 ივნისის საღამოს დაიწყო - რამდენიმე გვერდი ზუსტად ერთნაირ ფოტო ვიზუალიზაციას იყენებდა, ერთნაირი ტექსტებით - გამოქვეყნებულ პოსტებში მიუთითებდნენ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეულობას იწყებდა და მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მხარი პოლიციისთვის დაეჭირათ.
ნარსია წერს, რომ აღნიშნული გვერდები დასპონსორებული პოსტების სახით ავრცელებდნენ მხოლოდ იმგვარ ფოტო და ვიდეო-მასალებს, სადაც სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება პრაქტიკულად არსად ჩანდა. მსგავსი პოსტები უმეტესად დასპონსორებული იყო.
მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართება აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგაც. დასპონსორებული გვერდები განსაკუთრებით მიშა მშვილდაძეს მტრობენ.
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საწინააღმდეგო კამპანიის კიდევ ერთი სახის გზავნილი ჰომოფობიური შინაარსისაა. „ფეისბუქზე“ გავრცელებული „დასპონსორებული პოსტების ნაწილში საუბარია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების უკან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დგანან. აღნიშნულის დასასაბუთებლად კი ვრცელდება მათი აქციაზე ყოფნის ამსახველი ფოტოები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გზავნილები ზუსტ თანხვედრაშია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ულტრამემარჯვენე გვერდების გზავნილებთან, რომლებიც ანტიდასავლური ნარატივითაც ხასიათდებიან“, - წერს შოთა ნარსია.
მისივე სიტყვებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ცრუ მედია გვერდებიც, რომელთ ტაქტიკა უცვლელია და ყველა დასპონსორებული პოსტის ქვეტექსტი ხელისუფლების მხარდაჭერა ან მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაა.
შოთა ნარსია წერს, რომ ცრუ მედიის გვერდებმა აქციების დისკრედიტაციასთან ერთად, გიორგი გახარიას მხარდამჭერი დასპონსორებული კამპანიაც წამოიწყეს. აღნიშნულ გვერდებზე განთავსდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც მოცემული იყო გახარიას მხარდამჭერი „ფეისბუქის“ ჯგუფის ან პეტიციის ბმული. პოსტში მოცემული იყო, რომ მოქალაქეები გახარიას მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.
ავტორი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს.