Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირცხვილია" ... "გახარია გადაჯექი" -  ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 1 ივლისს ბათუმელმა აქტივისტებმა რიგით მეხუთე აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები სოც ქსელში გაერთიანდნენ. აქვე მოიფიქრეს სლოგანი - „ცხრას პლიუს შვიდი სისხლიანი წელი“.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა ირაკლი ბაკურიძემ განაცხადა, ძალადობა არავის ავიწყდება: "გვქონდა ძალადობის 9 წელი და როცა გვეგონა, რომ ძალადობა დასრულდა, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ სისხლი ისევ იღვრება ამ ქვეყანაში. ამ სლოგანით გვინდა ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენ არაფერი გვავიწყდება", - აღნიშნა ირაკლი ბაკურიძემ.

ბათუმელი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა, თბილისელი დემონსტრანტების მსგავსად, საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი მარიტა გოგიჩაიშვილი ამბობს, მინისტრმა 20 ივნისის აქციის დარბევის გარდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ასევე ყველა გამოუძიებელ საქმეზე:

"ჩვენი მოთხოვნებიდან ერთი დარჩა შეუსრულებელი - გახარია უნდა წავიდეს. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის მთავარი ბოროტების ავტორი, რაც 20 ივნისს მოხდა. მაგრამ საზოგადოებას შსს მიმართ უნდობლობა დიდი ხნის წინ ჩამოუყალიბდა, ბოლო მოვლენა იყო პიკი, მაგრამ მანამდე, ჩვენ გვახსოვს ბასიანის დარბევა, გვახსოვს პოეტ ზვიად რატიანის გამოუძიებელი საქმე. ჩვენ ბევრი გვახსოვს მსგავსი ფაქტი და ხალხი აღარ აპატიებს 20 ივნისს მომხდარ ძალადობას", - განაცხადა მარიტა გოგიჩაიშვილმა.

ბათუმელი აქტივისტები ტრანსპარანტებით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მორიგი საპროტესტო პერფომანსის გამართვას 6 ივლისს ისინი ამავე ადგილას გეგმავენ. ორგანიზატორებს განცხადებით, ეს იქნება მუსიკალური აქცია-პროტესტი მინისტრ გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG