Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანი - სირცხვილია ამ ქვეყანას ჰყავდეს დირექტორი


ფეისბუქზე პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომლითაც ის რუსთაველზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და ახალგარზდების პროტესტს მხარს უჭერს.

„21-ე საუკუნის მეორე ათწლეული მთავრდება და ტურბულენტური 30 წლის შემდეგ, ამდენი ტანჯვის, გაჭირვების, ამდენი სიკვდილების, შიმშილის, სირცხვილის და ალაგ-ალაგ პატარა გამარჯვებების შემდეგ მართლა სირცხვილია, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს დირექტორი. და მით უმეტეს, ივანიშვილისნაირი“, - ამბობს ზვიად რატიანი.

რატიანის სიტყვებით, ის, ვინც დღეს გარეთ დგას, უკვე სხვა თაობაა:

„გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები, არ ახსოვთ და კიდიათ მაგრად ის საბჭოთა კავშირი, არც ის ბნელი და საშინელი 9-იანი წლები არ ახსოვთ და თუ ახსოვთ, ძალიან ბუნდოვნად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული, იმათ იციან ბოროტება, იმათ იციან საშინელებების კეთება, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებენ. და თვითონ ის ფორმები, რა ფორმებითაც ეს დემონსტრაციები ტარდება, არის არაჩვეულებრივი. არა ისე, როგორც ჩვენ ვატარებდით, როცა მათხელები ვიყავით, ტანჯვით და ჭინთვით, არა. 7 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების გამოზოგვა, ეს მოწესრიგებულობა და რაც მთავარია, ხალისი. და კი არ იტანჯებიან, ხალისობენ, ლამაზები არიან, მღერიან, უხარიათ ერთმანეთი და უყვართ ერთმანეთი. ამის წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა და მითუმეტეს ასეთი ჩანჩურა ხელისუფლება, დღეს რომ ჰყავს. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან ზედ და გაცილებით მალე, ვიდრე ახლა გვეჩვენება“, - ამბობს ზვიად რატიანი.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს თამარ მეფის გამზირზე დააკავა და რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და მას 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ზვიად რატიანს ბრალად ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.

ზვიად რატიანი დღეს საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება.

XS
SM
MD
LG