Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდს აჯამებს


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომელიც 2-3 ივლისს გაიმართა, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოვების კიდევ ერთი უშედეგო ცდა აღმოჩნდა. „შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. მისი თქმით, როგორც კი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი დადგა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.

აღნიშნულ ფაქტზე საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნული საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება.

განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყოვნებლივ გაზიარება.

მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობის საკითხი, იმ ფონზე როცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება. .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG