Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა


„2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“, - აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

4 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

კოკა კაციტაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება 60-მდე პირმა.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

თბილისის 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან ასევე გამოთხოვილია პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG