Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა ახალი სანქციებით საქართველოს ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირებას მოითხოვს


„საქართველოსთვის შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების დაწესების თაობაზე, ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით“ - დადგენილების პროექტის დამტკიცებამდე, 9 ივლისს, რუსეთის დუმაში გამართულ სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით მწვავე განცხადებები გაკეთდა.

მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს ხელისუფლების რეაგირების აუცილებლობაზე ილაპარაკა კომუნისტმა დეპუტატმა, დუმის დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან გამოსვლისას „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების ფაქტიც მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში საზოგადოება რეაგირებას ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ ღონისძიებებს ჩვენი მოქალაქეების, თანამოქალაქეებისა და რუსეთის სახელმწიფოს დაცვის მიზნით... მორიგი ინციდენტი, რაც მოხდა საქართველოში, ინციდენტსა და პროვოკაციასაც ვერ უწოდებ - თუ არ გიყურებიათ, გირჩევთ, რომ არც უყუროთ. ასეთი საზიზღრობა ცოტას თუ უნახავს... რისი მიღწევა გვინდა ამ განცხადებით?

ზოგი გვეუბნება, ამით ოპოზიციას უგორებთო... არა. ჩვენ შეგნებულად არ ვახსენებთ პროდუქციის სახეობებს (რომლებსაც სანქციები შეიძლება შეეხოს), მაგრამ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო და გასაგებ რეაქციას იმაზე, რასაც მათ საზოგადოება თხოვს... თუ შეამჩნიეთ, გავრილოვთან დაკავშირებითაც საქართველოში საზოგადოება დაახლოებით ორად გაიყო... დღეს ეს საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს. ისინი თავად გამოვიდნენ ქუჩაში და ეს არ არის დამახასიათებელი საქართველოს საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ამ სახის ინციდენტები, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ზე. არ მინდა ახლა, რომ ამ პროვოკაციის ტექნიკისა და ტექნოლოგიის დეტალებზე ვილაპარაკო“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

საქართველოში ფეხმოკიდებულ ანტირუსულ განწყობებზე ლაპარაკისას, კალაშნიკოვმა ასევე გაიხსენა 2019 წლის 26 მაისს ბათუმში მომხდარი ფაქტი, რომელსაც აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტიდან ინგა შამილიშვილის გადაყენება მოჰყვა.

„გთავაზობთ, რომ განცხადებით ჩვენ ხისტი რეაგირება მოვახდინოთ არა კონკრეტულ აქციაზე... სხვათა შორის, ასეთი აქცია საქართველოში ცოტა არ იყო. მაგალითად, ბავშვებმა გაიარეს რუსეთის დროშებით ბათუმში. ამის შემდეგ, სწრაფად მოხსნეს კულტურის მინისტრი და შეშფოთება გამოხატეს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მონაწილეებს თან ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის დროშები, ტრანსპარანტები წარწერით - „Russia“ და ისინი „რასიას“ სკანდირებდნენ. მსვლელობა ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ფარგლებში გაიმართა.

9 ივლისს, რუსეთის სათათბიროს სხდომაზე დამტკიცდა დადგენილების პროექტი დუმის განცხადების შესახებ - „საქართველოსთვის შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების დაწესების თაობაზე, ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით“. რუსმა დეპუტატებმა მიმართეს მთავრობას, კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

„დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, მუქარა ჩვენი მოქალაქეების მისამართით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფა“, - განაცხადა 9 ივლისის სხდომაზე რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

დადგენილების ტექსტში ჩამოთვლილი არ არის პროდუქცია, თუმცა ვოლოდინის განმარტებით, საუბარია პირველ რიგში ქართული ღვინისა და წყლის იმპორტის აკრძალვაზე და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG