Accessibility links

ახალი ამბები

"რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას მოითხოვს   

ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე 10 ივლისს, პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს, - ინფორმაციას ნინო ნიჟარაძის ადვოკატზე, გიორგი ყავლაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს "ინტერპრესნიუსი“.

"რუსთავი2"-ის პარტნიორთა კრება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ვაპირებთ კრებაზე დავაყენოთ საკითხი ნიკა გვარამიას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩვენი, როგორც პარტნიორის შეხედულებით, მისი განცხადებები იწვევს "რუსთავი2"-ის დისკრედიტაციას და იწვევს ტელეარხის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას. მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი", - განაცხადა ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, 9%-იანი წლის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს და აღნიშნული ზიანი "რუსთავი2"-ს უნდა აუნაზღაურონ.

ყველა ახალი ამბავი

საქართველოში იწყება წვრთნები ნატოელი სამხედროების მონაწილეობით

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა მრავალეროვნული სწავლების, Agile Spirit 2019-ის დაწყებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას 27 ივლისიდან უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება და მოიცავს როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს.

სწავლება პარალელურად გაიმართება სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე.

Agile Spirit 2019-ის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

22 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის დიდი პატივია ჩაერთოს სწავლებების ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ის ევროპული სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში ატარებს პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად.

“ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში“ - თქვა ლევან იზორიამ.

სამხედრო სწავლება 9 აგვისტოს დასრულდება. Agile Spirit-ი საქართველოში 2011 წლიდან ტარდება.

ირანში ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილი 17 პირი დააკავეს, ზოგს სიკვდილით დასჯიან

ირანის დაზვერვის სამინისტროს 22 ივლისის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა „წარმატებულად გაანადგურა“, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის „ჯაშუშთა ქსელი“. „ზოგიერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ზოგიერთს მრავალწლიანი პატიმრობა“, - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სახელი უცნობია.

ირანული სახელმწიფო მედიის თანახმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს ირანული კალენდრით იმ წელიწადში, რომელიც 2019 წლის მარტში დასრულდა.

"გამოვლენილ ჯაშუშებს იყენებდნენ კერძო სექტორების მგრძნობიარე და სასიცოცხლოცენტრებში, სადაც ისინი საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდნენ ეკონომიკის, ბირთვულ, ინფრასტრუქტურულ, სამხედრო და კიბერ სფეროების შესახებ“, - ნათქვამია ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს იმ სავარაუდო ოფიცრების ფოტოები, რომლებსაც კავშირის ჰქონდათ ირანში მოქმედ ჯაშუშებთან.

ამ ინფორმაციის ფონია, მზარდი დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის, რასაც ბიძგი მისცა აშშ-ის მიერ მაისში ხელახლა დაწესებულმა მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა თეირანის მიმართ.

გასული კვირის ბოლოს ირანმა შეიპყრო ბრიტანული ტანკერი ჰორმუზის სრუტეში, თეირანის თანახმად, ბრიტანელი მეზღვაურების მიერ 4 ივლისს, ირანული ტანკერის შეპყრობის საპასუხოდ გიბრალტარის სრუტეში.

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე: „ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს“

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ავრცელებს კომპანიის მფლობელის - ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელშიც ავტორი აკტირიკებს ტელეკომპანიის კონტენტს:

„სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.

რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.

18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.

ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.

სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას".

თამარ მეარაყიშვილი: მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში

თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ახალგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს მოეხსნა ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.

2017 წელს, ე.წ-მა პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება ე.წ-მა პროკურატურამ გასული კვირის ბოლოს გაასაჩივრა.

22 ივლისს, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ პროკურატურამ ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, პრაქტიკულად, ბოლო წუთებში გაასაჩივრა.

„მთელი ეს ორი წელი მუდმივად დავდიოდი სასამართლოში, სადაც არ ცხადდებოდნენ მომჩივანები, ან პროკურატურის წარმომადგენელი. ექვს თვეში ერთხელ ესწრებოდნენ თითო საქმეს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ ასეთ პირობებში, რადგან ჯერჯერობით ვერ შევა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მეორე ინსტანციამ საქმე ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს და ამ შემთხვევაში, ვადა შეზღუდული არ იქნება.

„ეს მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში. ფაქტიურად შინაპატიმრობაა ის მდგომარეობა, რაშიც მე ვარ“ - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილს უკვე ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღდუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. შეზღუდული აქვს შემოსავლის მიღების წყაროებიც.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ადგილზე მასთან ურთიერთობა ყველას აუკრძალეს, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მისი საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთში, ოსურ მხარესთან შეხვედრებზე მხოლოდ სამჯერ დააყენა.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს.

დაკავებულია პირი, რომელიც უცხოელს 7 ათას დოლარად პირდებოდა საქართველოს მოქალაქეობას

დაკავებულია პირი, რომელიც ირანის მოქალაქეს პირდებოდა თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე.“

საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, პირი დაკავებულია სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

უკრაინის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა შესაძლოა დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიონ

უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ახალი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს ჩატარდეს - ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდა."

ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კორნიენკომ დაადასტურა, რომ არსებობს პარლამენტის პირველი სხდომის აგვისტოში ჩატარების იდეა. რაც შეეხება თარიღს, კორნიენკოს განცხადებით, დამოუკიდებლობის დღე ლამაზი, სიმბოლური თარიღია.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა, 42%-ზე მეტი პრეზიდენტის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ მიიღო.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება კიდევ 4 პოლიტიკური პარტია: „ოპოზიციური პლატფორმა,“ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა,“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და პარტია „ხმა.“

იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ პროკურორებს მოუსმენს

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებთან.

22 ივლისს, 10:30 საათიდან საბჭოს წევრები მოუსმენენ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

23 ივლისს, იუსტიციის საბჭოს წევრები მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

დღემდე იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გაიარა 50-დან 9 კანდიდატმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 გადავიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

საქართველოში მყოფი უკრაინელების უმეტესობამ ხმა ზელენსკის პარტიას მისცა

საქართველოში მყოფი უკრაინელების უმეტესობამ, 35,36%-მა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახური.“

მეორე ადგილზე გავიდა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“(23,95%), მესამეზე პარტია „ხმა“(20,53%).

დანარჩენმა პარტიებმა 5%-ზე ნაკლები მიიღეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობას“ ხმა მისცა საქართველოში მყოფი უკრაინელების 2,66%-მა.

უკრაინის საელჩოში გახსნილ უბანზე სულ ხმა მისცა 263-მა ამომრჩეველმა.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა, 22 პარტია მონაწილეობდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში 5 პარტია შედის.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, უკრაინის პარლამენტში 5 პარტია შედის

უკრაინაში 21 ივლისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 49,84% იყო

უკრაინაში 21 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის მანდატები მოიპოვა ხუთმა პარტიამ.

8:30 საათისთვის უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ოქმების 35,51%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები.

პირველ ადგილზეა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ 42,19%-ით. მას მოსდევს „ოპოზიციური პლატფორმა“ – 12,75%.

მესამე ადგილზეა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ – 8,71%. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტიას, „ბატკივშინას“ ხმების 8,15% აქვს. 6,39%-ით ხუთეულის ბოლო ადგილზეა პარტია „ხმა.“

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ 17-მა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობამ,“ რომელსაც დილის მონაცემებით, ხმების 0,47% აქვს.

უკრაინის პარლამენტი შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. 450 დეპუტატიდან პროპორციული წესით ირჩევენ 225-ს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 49,84% იყო. წინა, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 53,27% შეადგინა.

პარლამენტის შენობასთან თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 21 ივლისს, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

ეს მსგავსი აქციების 32-ე დღე იყო. სიტყვით გამოსვლების პარალელურად, „ფლიმარკეტი“, მცირე ბაზრობა გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა.

აქციის ორგინიზატორების განცხადებით, 22 ივლისიდან იგეგმება ყოველდღიური გადაცემა, იტყობინება სააგენტო ინტერპრესნიუსი.

ეგზიტპოლების თანახმად, უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის პარტია, „ხალხის მსახური“, თითქმის 44 პროცენტით

ეგზიტპოლების მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები უკრაინის 21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

წარმატებას მიაღწია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, რომელმაც სხვადასხვა წყაროს თანახმად, 42-44 % მიიმხრო.

დამაჯერებელი შედეგი აჩვენა მედვედჩუკის „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ (გამარჯვებულებს შორის ყველაზე პრორუსულმა ძალამ)- 11,5 %.

საშუალო მაჩვენებელი აქვთ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ ( 8-9 %) და ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს "ბაკტივშჩინას" (7-8 %).

ვაკარჩუკის „ხმამ“ 6 % მიიმხრო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ დღის ბოლოსთვის 50,09 % შეადგინა.

თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები უარყოფენ ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობას

ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში შვილიშვილებთან ერთად. 2019 წლის ივლისი

თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის თაობაზე მოსკოვში თურქმენეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასი. სააგენტოს მოჰყავს საელჩოს წარმომადგენლის სიმტყვები, რომ „ეს სრული სიცრუეა. ამ ცნობას უარვყოფთ“.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებაზე.

ის გაავრცელა რადიოსადგურმა „ლაპარაკობს მოსკოვი“ ევრაზიული პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ, ასლან რუბაევზე დაყრდნობით. რუბაევის თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდა „ნაცნობმა აშხაბადიდან, რომელიც სპეცსამსახურში მუშაობს“.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის თანახმად, მასაც მიაწოდეს ცნობა ბერდიმუჰამედოვის სიკვდილზე, მაგრამ არაერთმა მცდელობამ, დაედასტურებინათ, ან უარეყოთ ინფორმაცია, შედეგი ვერ გამოიღო.

სიკვდილის ცნობა უარყო ასევე თუქრმენეთის საელჩომ ყირგიზეთში, იტყობინება АКИ Пресс.

ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში იმყოფებოდა 15 ივლისიდან. 21 ივლისს თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ბერდიმუჰამედოვი, მაგრამ, ისინი გადაღებული უნდა იყოს რამდენიმე დღით ადრე, როცა პრეზიდენტი შვებულებაში გადიოდა, იტყობინება თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი აშხაბადიდან. მისი თქმით, ვითარება ქალაქში ორდინარულია.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტია 2006 წლიდან. 2017 წელს გამართულ არჩევნებში მიიღო ხმების 97 პროცენტი და მესამე ვადით იქნა არჩეული.

ეგზიტპოლების თანახმად უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის „ხალხის მსახური“

უკრაინაში 21 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ 43,9 პროცენტი მოაგროვა "ეროვნული ეგზიტპოლი 2019-ის" თანახმად.

მას მოსდევს პარტია „ოპოზიციური პლატფოომა“ 11,5 პროცენტით.

მესამე ძალა უშუალოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომი მონაცემებით, „ევროპული სოლიდარობაა“, რომელსაც 8,9 პროცენტი მიემხრო.

იულია ტიმოშენკოს პარტიას," ბატკივშინას" მხარი დაუჭირა 7,6 პროცენტმა.

5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა პარტია „ხმამ“, რომელსაც 6,3 პროცენტი მიემხრო.

სხვა ეგზიტპოლების მონაცემები ძალიან ახლოსაა "ეროვნული ეგზიტპოლი 2019-ის" შედეგებთან.

არჩევნებში ჩაბმული იყო 22 პარტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2" იყო იარაღი. როცა გართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოიმარჯვო მეორე!

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, რომელშიც ზოგადად ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე.

„რა უნდა გავაკეთოთოთ? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორი პოზიცია შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაიღოს. მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მხოლოდ გასაფორმებელი იყო ამ კაცის წასვლა. ამ ტელევიზიის წართმევა ზუსტად ამი წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს კომპანია იყო პირველი მცველი და გუშაგი რუსეთის აქ ბოლომდე ინფილტრაციის გზაზე და ასეთი გუშაგები უნდა დარჩნენ“, - ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ „რუსთავი 2“ „წაიღეს რუსებმა“.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, მას შეუძლია მშვიდად გააგრძელოს სხვაგან ცხოვრება, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას შვიდი წლის წინ აღებულ პასუხისმგებლობასა და ფუნქციაზე, დაიცვას სამშობლო.

„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენს ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. მოკლედ, საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში! იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, ყოველ მიზეზ გარეშე, აუცილებლად, ჩვენ უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ. ჩვენი გამარჯვება, მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადების და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში. ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგორბრები, იქნება ახალი იარაღი და, რაც მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, რომლითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სხვა ადგილიდან ან სხვა ფორმატით და აუცილებლად ვიტყვით, ... სვავო ჩვენ დავბრუნდით!“ - ამბობს ნიკა გვარამია ვიდეო-მიმართვაში.

ზელენსკი: დეპუტატებს იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ

უკრაინაში 21 ივლისს ახალ პარლამენტს უყრიან კენჭს. 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს კანონმდებლების იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის მიმართ.

საპარლამენტო არჩევნებზე უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტიურობა 36 პროცენტს უდრიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია 199-დან 190 უბნის მონაცემებს ეყრდნობა. ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო ჩერნიგოვის, ხმელნიცკის და პოლტავის ოლქებში.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე.

დეპუტატთა ნახევარს ირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, მეორე ნახევარს - პარტიული სიების მიხედვით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა სამი ათასი დეპუტატი, რომლებიც მაჟორიტარული წესით იყრიან კენჭს და პარტიული სიებით კი 2700 კანდიდატი. არჩევნებში ჩაბმულია 22 პარტია.

საზღვარგარეთის 72 ქვეყანაში გაიხსნა უკრაინის საარჩევნო უბნები, სულ მათი რიცხვი 102-ია.

ვადამდელი არჩევნების ინიციატორი იყო უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. მისი პარტია, „ხალხის მსახური“ არჩევნების ფავორიტია, თუმცა მას შეიძლება მოუწიოს კოალიციაში გაერთიანება რომელიმე სხვა პარტიასთან.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

უკრაინის პარლამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებშიარჩევნები არ ტარდება.

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს

რუსთავი ორის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდს, ასაჯაროებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

კერძოდ, დვალის მიერ გასაჯაროებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილთან. დვალათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს“, - აღნიშნულია დავით დვალის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ. ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, - აღნიშნულია ჩვენებაში, რომლის თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

დავით დვალი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრს, მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს მასთან და მეორე დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია.

ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-ს, 20 ივლისის შაბათის კურიერში უთხრა, რომ ის პირადად შეუთანხმდა დვალს და აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვის თაობაზე და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო ამ მოლაპარაკებებში.

დვალმა და აქიმიძემ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ ტელეკომპანიის დათმობის იძულებაში, ტელევიზიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2012 წელის დეკემბერში დაიწყეს. მათ მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე, გამოძიება მაშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დავით დვალმა პროკურატურას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა კიდევ ერთხელ სოციალური ქსელის მეშვეობით ოქრუაშვილის ბოლო განცხადებების შემდეგ მოთხოვა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ტელეკომპანიაში მფლობელისა და მენეჯერის ცვლილების შემდეგ რუსთავი 2-ის საქმეზე რამდენიმე დავა კვლავ გრძელდება.

2019 წლის იანვარში, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის (15 წელი) გასვლამდე თვეებით ადრე, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოსთხოვეს, სამართლებრივი დავის გაგრძელებისთვის. პროკურატრამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამასთან, 2017 წელს, ქიბარ ხალვაში აცხადებდა აქიმიძესთან და დვალთან შეთანხმებაზე, რომ თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

შეთანხმება ასევე ეხებოდა არხის კრიტიკულ და ობიექტურ სარედაქციო პოლიტიკას.

დავის მოგების შემდეგ ხალვაშმა კომპანიაში დირექტორად მისი ადვოკატი დანიშნა.

სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებას ითხოვს და აცხადებს, რომ კომპანიის 100 პროცენტი მას ეკუთვნის, და არა ქიბარ ხალვაშს.

სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში აპირებენ საქმის გასაჩივრებას რუსთავი-2 ის ბოლო მფლობელები.

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა სადავო კანონპროექტის მთლიანად გაუქმების მოთხოვნით

დემონსტრაცია ჰონგ-კონგში, 14 ივლისი

ათეულ ათასობით დემონსტრანტი მოითხოვდა 21 ივლისს ჰონგ-კონგის ქუჩებში ექსტრადიციის სადავო კანონპროექტის გაუქმებას. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდენ ადრინდელი დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების მიმართ.

ჩინეთის მმართველობაში მყოფი, ნაწილობრივ ავტონომიური რეგიონი ბოლო ხანებში მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან.


დემონსტრანტები მოითხოვდნენ ადრინდელი აქციების დროს პოლიციის მოქმედების გამოძიებას საგანგებო დამოუკიდებელი კომისიის მიერ. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ პოლიციამ იხმარა რეზინის ტყვიები, ასევე ცრემლმდენი და პილპილის აირი. ჩანაწერზე ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი შეუიარაღებელ დემონსტრანტებს ხელკეტებითა და ფარებით.
გასულ თვეში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში, რათა პროტესტი გამოეთქვათ ხელისუფლების მცდელობის მიმართ, დაემტკიცებინა კანონი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ჩინეთისთვის გადაცემას გახდიდა შესაძლებელს. ეს იყო 22 წლის წინ ბრიტანეთის ამ კოლონიის ჩინეთის მმართველობაში დაბრუნების შემდეგ უდიდესი გამოსვლები.

დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნიდა ეჭვმიტანილებს.
მთავრობამ კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ დემონსტრანტებს სურთ დოკუმენტის გაუქმება, ასევე ჰონგ-კონგის აღმასრულებელი უწყების ხელმძღვანელის, კერი ლამის გადადგომა.


21 ივლისის დემონსტრაციის ორგანიზატორებმა დაიჩივლეს, რომ პოლიციამ არ მისცა მათ ნება მათთვის სასურველი მარშრუტით გაევლოთ და სამთავრობო შენობებთან მისულიყვნენ.

დემონსტრაციის წინა დღეს პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებსაც იარაღი უპოვნეს.

ქიბარ ხალვაშის უარი „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას

ქიბარ ხალვაში

„რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის პატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.

პაატა სალია ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

კომპანიის გენერალური დირექტორი აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.

„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ,“- ამბობს პაატა სალია, რომლის თქმითაც ის ცდილობს დავანახოს ტელეკომპანიის თანამშრომლებს, რომ მისულია იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს.

„იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,- აცხადებს პაატა სალია.

„ცუდი განზრახვით ვინმე რომ იყოს მოსული აქ, არ აქვს მნიშვნელობა ბორდი იქნება, თუ არ იქნება. ცუდი განზრახვა ნებისმიერი წერილობითი გარანტიის შემთხვევაშიც შეიძლება განხორციელდეს და ამიტომ, არ არის ეს გარანტია. გვაქვს უამრავი შეხვედრა, ვმუშაობთ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, არის შესრულებული და არანაირი გარანტია გარდა ჩვენი ურთიერთობისა და ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“,- აცხადებს პაატა სალია.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. ამ გეგმის ნაწილია მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შექმნა შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

უკრაინის ვადამდელ არჩევნებზე 1700 საერთაშორისო მეთვალყურეა ჩასული

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი საარჩევნო უბანში, კიევში, 21 ივლისსს

უკრაინაში 21 ივლისს მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე.

გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღრიცხვა 218 დარღვევა. ყველაზე გავრცელებული ფორმა დარღვევისა არის უკანონო აგიტაცია. დაფიქსირდა ასევე კომისიების მუშაობაში დარღვევა და უბნების გვიან გახსნა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

ზელენსკიმ ხმა მისცა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

ვადამდელი არჩევნების ინიციატორი იყო უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. მისი პარტია, „ხალხის მსახური“ არჩევნების ფავორიტია, თუმცა მას შეიძლება მოუწიოს კოალიციაში გაერთიანება რომელიმე სხვა პარტიასთან.

უკრაინის პარლამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებშიარჩევნები არ ტარდება.

უკრაინის კანონმდებლობით, 225 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, 199-ს კი მაჟორიტარულით. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს.

პაკისტანში პოლიციის შენობას და საავადმყოფოს დაესხნენ თავს, მოკლულია რვა ადამიანი

პაკისტანის ხიბერ ფახთუნხვას პროვინციაში 21 ივლისს თავდასხმა მოხდა პოლიციის შენობაზე და შემდეგ, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც დაჭრილები მიიყვანეს.

რვა დახოცილს შორის ოთხი პოლიციელია, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ოლქის პოლიციის უფროსმა, სალიმ რიაზმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდამსხმელები მოტოციკლებით მიიჭრნენ პოლიციის შენობასთან და ცეცხლი გახსნეს, სადაც ორი პოლიციელი მოკლეს. ამ თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელმა ქალმა ბომბი ააფეთქა საავადმყოფოს შესასვლელში და ექვსი ადამიანი შეიწირა, მათ შორის კიდევ ორი პოლიციელი.

ექიმების თქმით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. მომხდარზე პასუხიმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანმა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, 1969 წელს დაბადებულ შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.

"მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის", - განაცხადა ბრალდებულმა.

სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული მოზარდი მუშა (2003 წელს დაბადებული გ.ბ.), რომელსაც 16 ივლისს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N 29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს: იულია სუსლიაკი საქართველოში არ შემოუშვეს

იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, იულია სუსლიაკს ქართველმა სამართლდამცავებმა ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, რის გამოც ის ვეღარ ახერხებს საზღვრის გადაკვეთას:

„მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, შეეშინდათ შს სამინისტროს წარმომადგენლებს, მოატრიალეს ავტომობილი და იულია სუსლიაკი გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე. წაართვეს ყველანაირი საბუთი და არ უშვებენ საქართველოში. ახლა მივემგზავრები საზღვრისკენ, დამირეკა და დახმარება მთხოვა. არც ფული მაქვს და არც საბუთებიო“.

საქართველოს შს სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ იულია სუსლიაკი არ შემოსულა საქართველოში და, რომ უკრაინის მოქალაქე სუსლიაკი გაბრუნებული იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით ვახტანგისის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.

შს სამინისტროს განმარტებით, ქართველმა მესაზღვრეებმა იხელმძღვანელეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.

„ჰქონდა არასკმარისი ფინანსური სახსრები, არ ჰქონდა სამოგზაურო დაზღვევა და პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის შესახებ“, - განმარტეს შს პრესსამსახურში.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა ბაქო-თბილისის რეისსზე დააკვეს.

ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სუსლიაკი ხვალ ბრიფინგს გეგმავდა და აპირებდა ესაუბრა, თუ რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში და ვინ არღვევდა მის უფლებებს.

ირანის ტელევიზია: დაკავებული ბრიტანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან

ირანმა გამოაცხადა 21 ივლისს, რომ ბრიტანული ტანკერის, „სტენა იმპეროს“ ეკიპაჟის 23 წევრი უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. ლონდონმა დაგმო ტანკერის დაკავება და განაცხადა, რომ ის კანონიერად მოქმედებდა ომანის ტერიტორიულ წყლებში. ჰორმოზგანის პროვინციის ნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალაჰმორად აფიფიფურმა ირანის ტელევიზიას უთხრა, რომ „ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“. მისი ინფორმაციით, ტანკერი ირანის ბანდლარ აბასის ნავსადგურშია და ეკიპაჟის წევრები ხომალდზე დარჩებიან. აფიფიფურმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის შემდგომი ბედი იმაზეა დამოკიდებული, იქნებიან თუ არა ისინი მზად, ითანამშრომლონ ირანის ხელისუფლებასთან და "მოგვეცემა თუ წვდომის საშუალება მასალებთან, რომელიც მომხდარის გამოსაძიებლად არის საჭიროო".

ლონდონმა ირანის მიერ ტანკერის დაკავება დაგმო, როგორც „ მტრული ქმედება“ და უარყო თეირანის მტკიცება, თითქოს ტანკერის დაკავება მოჰყვა მის მონაწილეობას მცირე თევზსაჭერ ხომალდთან ინციდენტში. ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, როგორ იკავებენ მისი მეომრები ხომალდს, რომელზეც მათი გადასხმა შვეულმფრენიდან მოხდა.

ინციდენტებმა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მნივშნელოვანი სანავთობო-სატრანსპორტო გზაა, გაამწვავა დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის, რასაც შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტი და ნავთობის ფასის, ასევე ტრანსპორტის დაზღვევის გადასახადის ზრდა მოჰყვეს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, პენელოპა მორდონტმა ხომალდის დაკავებას უწოდა „მტრული ქმედება“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტმა, ჯერემი ჰანტმა „უკიდურესი იმედგაცრუება“ გამოხატა ირანელ კოლეგა, ჯავად ზარიფთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრი

21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრია ორი თვის წინ პრეზიდენტად არჩეული, ყოფილი მსახიობის, გამოუცდელი პოლიტიკოსის სწრაფად აღზევების შემდეგ.

დასუსტებულ ეკონომიკასთან, ფესვგადგმულ კორუფციასთან და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომთან გამკლავება ამომრჩეველს სურდა ზელენსკის საშუალებით, ახალმა პრეზიდენტმა ქვეყანა ახალი მიმართულებით უნდა წაიყვანოს.

გამოკითხვების თანახმად, ზელენსკი, კომიკოსი, რომელიც შემთხვევით გაპრეზიდენტებულ გმირს ასახიერებდა ტელესერიალში, ინარჩუნებს პოპულარობას. ის ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოწოდებით გამოვიდა სამი თვით ადრე, ვიდრე დაპირებული იყო, რადგან ხედავდა, რომ მისი მეტოქეებით დაკომპლექტებული "ვერხოვნა რადა" არ მისცემდა რეფორმების გატარების საშუალებას.

ახლა საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა ზელენსკის ერთი თვის წინ ჩამოყალიბებული პარტია, „ხალხის მსახური“, მოიპოვოს იმგვარი უმრავლესობა, რომელიც რეფორმების წინსვლას შეაძლებინებს პრეზიდენტს.

კენჭისყრა დაწყებულია. შუა ევროპის დროით 19, თბილისის დროით 21 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება.

გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა „International Republic Institute“-მა, და რომლის შედეგები გამოქვეყნდა 9 ივლისს, უკრაინელების 67 პროცენტი ზელენსკის უჭერს მხარს. სხვა გამოკითხვით, რომელიც უკრაინის „Razumkov Center“-მა მოაწყო, ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ ემხრობა 40 პროცენტზე ოდნავ მეტი ამომრჩეველი.

მაგრამ ამ შედეგმაც შეიძლება ვერ მოაპოვებინოს თვითგამოცხადებულ ლიბერტარიანულ პარტიას საკმარისი უმრავლესობა და აიძულოს ის შეუკავშირდეს რომელიმე პარტნიორს, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.

ირინა ბეკეშკინა პოლიტიკური მიმომხილველი „Democratic Initiatives Foundation“-ში, ამბობს, რომზელენსკის გამარჯვებაში არც თუ მცირე როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, როცა აქტივობა 62 პროცენტს უდრიდა. მისი აზრით, ახლა, ახალგაზრდა ამომრჩეველმა შეიძლება აღარ დაუჭიროს მხარი „ხალხის მსახურს“.

მათ რიცხვში, ვინც ზელენსკის პარტიის პოტენციური პარტნიორები შეიძლება გახდნენ ახალ პარლამენტში, არიან, „ოპოზიციური პლატფორმა“, რომელიც რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ესწრაფვის, და რომელსაც 12 პროცენტი უჭერს მხარს. ყოფილი პრემიერ- მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტიაც შეიძლება მოხვდეს ზელენსკისთან კოალიციაში. მას თითქმის 8 პროცენტი ემხრობა „Razumkov Center“-ის გამოკითხვების თანახმად. ევროპულ სოლიდარობას“, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ გაერთიანებას, 6-ნახევარი პროცენტი უჭერს მხარს. ვარაუდობენ, რომ „ხალხის მსახურის“ კოალიციური პარტნიორი შეიძლება გახდეს უკრაინის ყველაზე პოპულარული პოპ-ვარსკვლავის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია, რომელსაც, გამოკითხვებით, 6 პროცენტი აძლევს ხმას.

მიმომხილველები ამბობენ, რომ თუ არ იქნა ამომრჩევლის საკმარისი აქტიურობა, ეს ზელენსკისა და ვაკარჩუკის პარტიებს უფრო ავნებს, ვიდრე ,ევროპულ სოლიდარობას, თუ ტიმოშენკოს „მამულს“.

ორი საათის გახსნილი იყო საარჩევნო უბნები, რომ უკვე იტყობინებოდნენ დარღვევების თაობაზე. რვა საარჩევნო უბანი დროულად არ გაიხსნა ტექნიკური მიზეზით, თუ ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან უთანხმოების გამო. ბახმუტიდან, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისპირა ქალაქიდან იტყობინებოდნენ, რომ საარჩევნო უბანი დაიხურა მალევე, რადგან ოფიციალურმა მეთვალყურეებმა დაადგინეს, რომ შედეგების ფურცელი უკვე მზად იყო.

უკრაინის პარამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებში არჩევნები არ ტარდება.

უკრაინის კანონმდებლობით, ადგილების ნახევარი პარტიული სიების მიხედვით დაკომპლექტდება, ნახევარი - მაჟორიტარი დეპუტატების მიერ.

ეგზიტ პოლების პირველ შედეგებს მოელიან საარჩევნო უბნების დახურვისთანავე.

ადვოკატი: იულია სუსლიაკი გატაცებულია

იულია სუსლიაკი

ადვოკატ ზურაბ თოდუას ცნობით, ტრეფიკინგის დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„21 ივლისს, დაახლოებით 9 საათისათვის, იულია სუსლიაკი გარდაბნის ტერიტორიაზე დააკავეს პროკურორორების, თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის უშუალო მითითებითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. 22 ივლისს 13.00 საათზე უნდა ჩაგვეტარებინა ბრიფინგი იულია სუსლიაკის მონაწილეობით, სადაც ის აპირებდა ყველაფრის თქმას თავიდან ბოლომდე, ყველა იმ ადამიანის სახელისა და გვარის დასახელებას, რომლებმაც ჩაიდინეს მის წინააღმდეგ დანაშაული. რა პირობებში იყო საპყრობილეში და როგორ ზემოქმედებნენ მასზე. აპირებდა ამ ყველაფერზე საუბარს ჩემთან ერთად. იმისათვის, რომ ეს არ დაეშვათ, გაიტაცეს ადამიანი ყოველგვარი სასამართლოსა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“, - უთხრა რაიდიო თავისუფლებას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ, რომლის თქმითაც, იულია სუსლიაკი საქართველოში მოემგზავრებოდა ბაქოდან, სადაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ორი დღით იმყოფებოდა.

„პროკურატურაში არ გვეუბნებიან სად არის, არ ვიცითო, ამბობენ, თუმცა ყველაფერი იციან, მათი შეკვეთით არის გაკეთებული“, - ამბობს ადვოკატი.

რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, რომ „სუსლიაკის საქმე“ სამართლებრივად პროკურატურას აღარ ეკუთვნის.

„უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სასულიაკის საქმე გადაიგზავნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და ეს საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციაში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრეს-სამსახურში.

ქართველმა სამართალდამცავებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 2019 წლის აპრილში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოსული ქალის შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს, როცა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით აღმოჩნდნენ ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG