ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.
2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს (თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი) პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი მერებაშვილი იმ აუდიოჩანაწერების საფუძველზე დააკავეს, რომელიც პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერები 2016 წელს ამოიღეს ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე დაკავებული პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას.
აუდიო ჩანაწერის თანახმად, ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირზე, კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები ლევან ქარდავა, გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებდნენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავდნენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. მსჯელობდნენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევდა. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდებიდა კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულები არიან შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნები რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა. ისინი ასევე სასჯელს იხდიან სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირებისა“ და 26 მაისის საქმეებზე.
რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის მსჯავრდებულია კუდის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
„ნავღლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში ფიგურირებდა გიორგი მერებაშვილის სახელიც, სადაც ის 2016 წელს მოწმის სტატუსით დაიკითხა.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებიდან პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების 9 თვიანი ვადა მხოლოდ გიორგი მერებაშვილზე ვრცელდებოდა. სასამართლო დარბაზიდან მის გათავისუფლებას სხდომაზე დამსწრეები ტაშით შეხვდნენ.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმე 10 წლის წინ "სკოტლანდ იარდმა" გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.
ბიზნესმენი 2008 წლის 13 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში,მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ დღეს, წინასწარ გავრცელებული ცნობებით, რაც თავად პატარკაციშვილის ახლობლებმაც დაადასტურეს, ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, ისე რომ ექიმებმა მისთვის დახმარების გაწევა ვერ შეძლეს.