Accessibility links

გავრილოვი: საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს


„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სერგეი გავრილოვის თქმით, „არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“.

დუმის დეპუტატის განცხადებით, ასამბლეის მონაწილეებმა - 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ მომავალში ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველა მონაწილის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან.

გავრილოვმა აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. მისი თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც იყენებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. „ისინი ცდილობდნენ დაესამარებინათ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება“.

მართლმადიდებლობის ასამბლეა თბილისში 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო. 20 ივნისს სერგეი გავრილოვმა ასამბლეის მონაწილე 23 ქვეყნის დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა და ასე გახსნა ასამბლეა, თუმცა, ამ ფაქტს ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოჰყვა, შემდეგ კი პროტესტმა პარლამენტის წინ გადაინაცვბა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია.

20 ივნისს, გვიან ღამით, აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მათი დაშლისას 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. დეპუტატის უფლებამოსილება დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის თბილისში ჩატარების ინიციატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

ჯერჯერობით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ზაქარია ქუცბაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხისთვის კენჭი არ უყრია.

"გავრილოვის ღამედ" წოდებული დღის შემდეგ, 22 დღე გავიდა. უკვე ოცდამეორე დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე იმართება ანტისაოკუპაციო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“, რომლის ერთადერთი მოთხოვნაცაა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება და ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG