Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების 23-ე დღე - „გახარიას ტყუილები“


„გახარიას ტყუილები“ - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები ამ გზავნილით გახსნიან აქციების 23-ე დღეს პარლამენტის წინ.

აქციის სპიკერები განიხილავენ 11 ივლისს, TV პირველის ეთერში შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით:

„გუშინ, "რეაქციის" პირდაპირ ეთერში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უტიფრად გაავრცელა მრავალი ტყუილი "გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით.

მან აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მისი გაცემულია, თუმცა, დანარჩენ საკითხებზე ცდილობს, თავს მოგვახვიოს სიცრუე და დაამახინჯოს ფაქტები.

პროტესტის 23-ე დღეს, ჩვენ ვისაუბრებთ გახარიას ტყუილებზე“.

აქციების 23-ე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად კვლავ გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება, ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

XS
SM
MD
LG