“ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე“,- აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში.
ინფორმაციას, საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„რა თქმა უნდა არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად” ,- წერს გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში, საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.
"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში სიტუაციის გასაცნობად რამდენიმე ქვეყნის ელჩი მივიდა. დავით ზალკალიანს ახსოვს, რომ მათ შორის იყო გერმანიის ელჩი, თუმცა, სხვა ქვეყნების ელჩების ვინაობას ვერ იხსენებს:
„როგორც მოგეხსენებათ, 20 ივნისს სიტუაცია სწრაფად იცვლებოდა და ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, და არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. აქ ბუნებრივია, ლაპარაკი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ისინი იქ ფიზიკურად მივიყვანეთ, მაგრამ რამდენიმე ელჩი მივიდა... მახსოვს გერმანიის ელჩი და იყვნენ კიდევ სხვა ელჩები, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერია გასაკვირი“.
20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის ვიზიტს ადასტურებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი: „გერმანიის ელჩს პირისპირ ველაპარაკე პარლამენტში“.