ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის თანახმად, 12 ივლისს, ღამით, თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა. თვითმხილველმა გამოცემას უამბო, რომ მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ჯერ უცხოელებს მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი ბიჭს გრძელი თმის გამო სცემა.
"თვითმხილველის თქმით, მოვლენენი სწრაფად განვითარდა: თავდაპირველად პირები ქუჩაზე მდებარე “ტაილანდური მასაჟის” კარზე აბრახუნებდნენ და შიგნით მყოფებს უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ" - იუწყება ნეტგაზეთი. "ამის შემდეგ, ქუჩის მეორე მხარეს არაბი ქალების ჯგუფი გამოჩნდა – ყველა ჰიჯაბით იყო. მათ დაუწყეს ყვირილი და მრავალი ცუდი სიტყვა უთხრეს. უყვიროდნენ, თუმცა ახლოს არავინ მისულა”, – წერს გამოცემა თვითმხილველზე დაყრდნობით. იგივე წყარო ამბობს, რომ შემდეგ ქუჩაზე გრძელთმიანმა ბიჭმა ჩამოიარა, რამაც აგრესიული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია. "თვითმხილველის თქმით, მათ ფიზიკურად შეურაცხყვეს ბიჭი, პარალელურად კი მის თმაზე მიანიშნებდნენ" - ვკითხულობთ გამოცემის ცნობაში.
“როდესაც [ბიჭი მათ] მიუახლოვდა, მეტად ძალადობრივი გზით დაუპირისპირდნენ. უყვიროდნენ, გოგო ხარ თუ ბიჭიო და შეურაცხყოფას აყენებდნენ. [ერთ-ერთმა] ბიჭმა, რომელიც [შემდგომ] პოლიციამ აიყვანა, ასფალტზე დააგდო ის, პარალელურად კი სხვები ურტყამდნენ. მას გზის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ორი გოგო დაეხმარა”, – უყვება თვითმხილველი ნეტგაზეთს და დასძენს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი მოზარდი წაიყვანა.
“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. თუმცა, სამინისტროში ინფორმაცია აქვთ მხოლოდ დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც ორ პირს მესამე პირთან მოუვიდა ჩხუბი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.