Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირცხვილია - აქციის 24-ე დღე დასრულდა


პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის 24-ე დასრულდა. აქციის მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც ჩატარდა. აქციის ორგანიზატორები საპროტესტო მუხტით მისულ ადამიანებს ამჯერადაც საწვიმარ ლაბადებს ურიგებდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საშუალოდ, ყოველდღურად აქციის გამართვისთვის საჭიროა 1500- 2000 ლარი. ამ თანხებს კი შემომოწირველებისგან იღებენ.

„დაახლოებით 2 დღეში ვაპირებთ ჩვენი შემოწირულობების და ფონდების შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვოთ, აქამდეც ვაპირებდით, მაგრამ არ ვიყავით დარწმუნებული შემომწირველებს ჰქონდათ თუ არა ვინაობის გამჟღავნების სურვილი. თანხას გვირიცხავს სხვადასხვა კერძო პირი, აქ ლაპარაკი არ არის მსხვილ ბიზნესზე. მარტო ერთ დღეში ჩემმა დამ, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თავის უნივერსიტეტში 5 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა დიღმელაშვილი.

აქციის 25-ე დღეს პარლამენტის შენობასთან ფლი მარკეტი მოეწყობა, მეწარმეები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ შემოსული თანხის 20 %-ი აქციის ორგანიზებისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხონ.

აქციის ორგანიზტორთა განცხადებით, ისინი მომავალ დღეებში გეგმავენ პროტესტის სცენა მუსიკალურ სცენადაც აქციონ, სადაც ექსპერიმენტულ ჯგუფებსა და სხვა შემსრულებლებს გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე იგეგმება კამპანია „გაატარე ზაფხული რუსთაველზე“.

აქციის 24-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტეს მოშიმშილე დემონსტრანტებმა, ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებულნი გახდნენ შიმშილობა შეეწყვიტათ. ბასილაიასთვის 13 ივლისი შიმშილობის მე-19 დღე იყო, სიხარულიძისთვის - მე-17.

ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით „სირცხვილია“, და ერთადერთი მოთხოვნაა გახარიას გადადგომა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება და ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG