Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიღმის ტყე-პარკისთვის“ – მოქალაქეები ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას გააპროტესტებენ


„დიღმის ტყე-პარკისთვის“ - აქცია ამ გზავნილით 14 ივლისს, საღამოს, დიღმის ტყე-პარკში გაიმართება.

სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და რიგითი მოქალაქეები დიღმის ტყე-პარკში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობას.

საპროტესტო აქციის გარდა, 14 ივლისს, დიღმის ტყეში გაიმათება სხვადასხვა ღონისძიება. იქნება მუსიკა ცოცხალი შესრულებით, საბავშვო აქტივობები და სხვა.

რამდენიმე აქტივისტმა წუხანდელი ღამე, დიღმის ტყეში გაშლილ კარვებში გაატარა.

2019 წლის 15 მარტს საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
  • დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე.
  • ამისათვის აუცილებელია, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან” მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.

დიღმის ტყე-პარკისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ამ დროისათვის, 4800 ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

კომპლექსი სახელწოდებით „ორანჟერეა“, რომლის მშენებლობაცაა დაგეგმილი დიღმის ტყე-პარკში, თბილისის მერის განმარტებით, იქნება საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი. შენობა ორგანულად ჩაეწერება დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციასა და საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურაში . პროექტის გამო არ მოიჭრება არც ერთი ხე და განზრახულია 150-მდე ახალი, მათ შორის ეგზოტიკური მცენარეების დარგვა.

დიღმის ტყე-პარკის ნაკვეთებად დაყოფა და გაყიდვა 1998 წლიდან დაიწყო. 2009 წელს ტყე-პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა.

დიღმის ტყე-პარკში, რომლის გაშენებაც 1934 წელს დაიწყო, აღმოჩენილია მცენარეები, რომლებიც საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. შესაბამისად, ეს ტერიტორია, "წითელი წიგნისა" და "წითელი ნუსხის" შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG