Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის შეჩერებას ითხოვს


„მწვანე ალტერნატივის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს ევროპელი მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს.

მოთხოვნას - "შეაჩერე ნენსკრა" საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტებს მიმართავს.

ხელმომწერები ითხოვენ ბანკებმა არ დააფინანსონ საქართველოში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, 280 მეგავატი სიძლავრისა და 125 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ნენსკრას მშენებლობა.

მოთხოვნების მიზეზი ნენსკრა ჰესის უარყოფითი ზემოქმედებაა: ის ხელშეუხებელ ხეობას, ძირძველი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოს და ბიომრავალფეროვნებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის; ამავდროულად, ქვეყნისთვის მწვავე ფისკალურ რისკებს წარმოშობს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ანონიმურად გამოაშკარავებულ, „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში გამოჩნდა და როგორც მითითებული იყო მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში.

"მწვანე ალტერნატივას" ცნობით, ნენსკრა ჰესის პროექტისთვის ორივე ევროპულ ბანკს, EBRD-ს (214 მილიონი აშშ დოლარი) და EIB-ს (150 მილიონი აშშ დოლარი) სესხის გამოყოფაზე უკვე თანხმობა აქვთ გაცემული, თუმცა არც ერთ მათგანს სესხის გაცემის საბოლოო კონტრაქტისთვის „ნენსკრა ჰიდროსთან“ ჯერ ხელი არ მოუწერია.

„პეტიცია “შეაჩერე ნენსკრა” აჩვენებს ხალხის ძალას - თუ როგორ შეიძლება გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებმა სვანეთის ძირძველი მოსახლეობის გასაჭირი გაიზიარონ და მათი სათქმელი უფრო ფართო მასშტაბით გაავრცელონ. ეს პროექტი რეალურად საზიანოა როგორც სვანეთში მცხოვრებთათვის და ბიომრავალფეროვნებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ის გვერდს უვლის საქართველოს კანონმდებლობას, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ. იმედია, 90 000-ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა სერიოზულად დააფიქრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მისი დაფინანსების შეწყვეტაზე“, - განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG