Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას


საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა 16 ივლისს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 28 ივნისს მიმართა.

შემდეგ, დეპუტატ ქუცნაშვილის განცხადება გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს - ნამდვილობის დასადგენად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად. თუმცა კომიტეტი საკითხს ვერ განიხილავდა პირველ 7 დღეში, რადგან ამ ვადაში დეპუტატს კანონმდებლობით ჰქონდა განცხადების უკან გაწვევის უფლება.

„პროცედურული თვალსაზრისით, კომიტეტმა უნდა მიიღოს დასკვნა, რომელიც წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას და საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე.

ამასთანავე, რეგლამენტი ითვალისწინებს შემდეგს, რომ როდესაც აღნიშნული საკითხი დგება საპარლამენტო განხილვის დღის წესრიგში, პირველ რიგში სწორედ ეს საკითხი უნდა იყოს განხილული და პირველ რიგში მას უნდა ეყაროს კენჭი.

ანუ უახლოესი რიგგარეშე სხდომა, რომელიც, ვფიქრობ, რომ მოწვეული იქნება აუცილებლად ზაფხულში, ამ სესიაზე პირველ საკითხად იქნება განხილული ბატონი ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების საკითხი“, - განაცხადა კახიანმა.

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა მას შემდეგ მოუწია, რაც თბილისში დიდი მღელვარება მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარებას. ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, ასამბლეის პრეზიდენტმა, სერგეი გავრილოვმა, სწორედ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ იყო ორგანიზებული.

ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული სიტყვიერი განცხადება 21 ივნისს გააკეთა, მაგრამ ოფიციალური წერილობითი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს 28 ივნისს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG