Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სისულელე უწოდა ვერსიას, რომ პირადად მან გასცა თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის ბრძანება.

„ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყვიან“ - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ.

„პრინციპში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და უნდა გადადგეს, თუ არა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა:

„საზოგადოება ბრძენია, ხალხი ბრძენია და ნახეთ დამოკიდებულება აბა, ხალხის აქტიურობა როგორი იყო 20 ივნისს და როგორია დღეს. ორას კაცს უყრიან თავს თბილისში და ორასს დასავლეთში.“

ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, 21 ივნისიდან გიორგი გახარიას გადადგომას დაჟინებით ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები „ევროპული საქართველო“ და პატარა პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან.

ივანიშვილის თქმით, 20-21 ივნისს პოლიციამ ძალა ლეგიტიმურად გამოიყენა და არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან, ვინც ნახა კადრები, არ აქვთ შეკითხვები ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ დადგებოდა, ძალის გამოყენება რომ არალეგიტიმური ყოფილიყო. ივანიშვილის განცხადებით, ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთი მათგანი უკვე დაკავებულია.

„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. გახარია რომ გადამდგარიყო 21-ში და 22-ში, ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ - კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - და ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზე როცა ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, გახარიამ დაიცვა მოძალადეებიც, მოძალადე პოლიტიკოსები, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეები.

„მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო. დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. მიდის გამოძიება. თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 21 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG