Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია ივანიშვილს: გახარიას გადადგომა იქნებოდა თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი  


„დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ ის კარგავს ხელისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 17 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს.

ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილი დღეს "პირველად და საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას", გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და ირიბად დაადასტურა, რომ ყველაფერი მასთან იყო შეთანხმებული.

„ივანიშვილმა დღეს პირველად თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული. ეს სიამაყით თქვა და ისიც დაამატა, რომ ეს სისტემა ერთ ადამიანზეა აგებული. ივანიშვილმა მოახერხა და განაცხადა, რომ გახარია არის მაგარი კაცი და მისი თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება სამშობლოს ღალატი იქნებოდა. აქ კი მინდა მას დავეთანხმო და ვუთხრა, ბატონო ივანიშვილო, დიახ, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ არა ჩვენი სამშობლოსი, არამედ თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი“, - განაცხადა ნიკა მელიამ 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებებით ღიად დაადასტურა მისი პრორუსული პოლიტიკა და მას ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია ნეგატიურ ჭრილში გავრილოვთან დაკავშირებით.

„თქვენ ხართ წარსული. და დღეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან რუსეთი ან დასავლეთი. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ და შერეკოთ ციხეში, თქვენ თავს ვერ იხსნით და პასუხს აგებთ ისტორიის წინაშე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG