Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დარღვევები არ დაადგინა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. რაზე დაობდა ქიბარ ხალვაში, იხილეთ აქ.

რას დაობდა ქიბარ ხალვაში?

ხალვაში ამტკიცებდა, რომ 13 წლის წინ სამართლებრივ ენაზე - ე.წ “ამორალური გარიგების” მსხვერპლი გახდა და კომპანიის წილი იმაზე ნაკლებ ფასად დათმო ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება რეალურად იყო. რეალური ღირებულების დასადასტურებლად კი ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას იშველიებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების მომენტში ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო.

სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2015 წელს შევიდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობდა, რომ “რუსთავი 2”-ის შემდგომი მფლობელები წლების განმავლობაში ფიქტიურად იცვლებოდნენ. მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაშის შემდეგ ეს ფიქტიური მფლობელები “არაკეთილსინდისიერი შემძენები” გამოდიოდნენ. ის სასამართლოში იშველიებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს, სადაც წერია, რომ კეთილსინდისიერად არ შეიძლება ჩაითვალოს შემძენი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

“რუსთავი 2”-ს მფლობელების ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ხალვაშის მიერ წარდგენილი სამხარაულის დასკვნა არასრულყოფილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იყო შედგენილი და რვა დოკუმენტის ნაცვლად მხოლოდ ორს ეყრდნობოდა: კომპანიის წესდებასა და ბუღალტრულ ნაშთებს, რაც არ იყო საკმარისი.

საქმე საქალაქო სასამართლოში

ძმებ ყარამანიშვილებს საქალაქო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილი წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ხალვაშის კუთვნილმა კომპანია “შპს პანორამამ” ტელეკომპანიის 90%-იანი წილი 2004 წელს 250 ათას დოლარად იყიდა, დარჩენილი 10% კი ნიკა ტაბატაძისგან 200 დოლარად შეიძინა. ადვოკატის განმარტებით, ხალვაშმა 2006 წელს საკუთარი წილის 15 ათასი დოლარით ძვირად გაყიდა, რაც “რუსთავი - 2”-ის რეალური საბაზრო ფასი იყო. ადვოკატის მტკიცებით, ამის გამო ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა “ამორალურ გარიგებად”.

საბოლოოდ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, გააუქმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამჟამინდელი მეწილეების საკუთრების უფლება და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" აღიარა. ამგვარად, პირველი ინსტანციის მოსამართლემ შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. 2015 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით “ღუსთავი 2”-ს ყადაღა დაადეს.

საქმე სააპელაციო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოს განაჩენი შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო კოლეგიამ შორენა ყაველაშვილის, ნატალია ნაზღაიძისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია. „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმე უზენაეს სასამართლოში

უზენაეს სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 2017 წლის დასაწყისში დაიწყო. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას უნდა გადასცემოდა.

პალატა 9 მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ესენი იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. 2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება

საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების დარეგისტრირების შემდეგ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა 2017 წლის 3 მარტს სტასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებით 39-ე მუხლის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გადაუდებელ შემთხვევებში მიიღება, ძირითადად გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვლი რისკის არსებობის დროს.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. საქმე საკონსტიტუციო სასასამართლოში ეგრეთ წოდებული ამორალური გარიგების საფუძველზე ქიბარ ხალვაშის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხებოდა. განხილვა თითქმის 2 წელი გაჭიანურდა. 2017 წლის დეკემბერში, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

რუსთავი 2”-ის მოკლე ისტორია

რუსთავი 2-მა 1994 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ. დვალი და აქიმიძე 2004 წლამდე ფლობდნენ ლეტეკომპანიის წილებს. ისინი ამბობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ “ ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს”. საქმის ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა 2019 წლის 16 ივნისს იწურებოდა, თუმცა პროკურატურამ 17 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათვამია, რომ ,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს, 2014 წლის ზაფხულში, ის თავის ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიებას თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. ოჯახს კი ამ ვერსიის არ სჯერა. ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე განაცხადა: “მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, როცა “რუსთავი 2”-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც, ისეთი რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს”.

მედიის განვითარების ფონდის თანახმად “რუსთავი 2”- 20-ჯერ შეეცვალა მფლობელები.

  1. 1994 - შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი - ჯარჯი აქიმიძე (40%), დავით დვალი (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%).
  2. 1996 - ჯარჯი აქიმიძე (33,3%), დავით დვალი (33,3%), ეროსი კიწმარიშვილი (33,3%);
  3. 2001 - დავით დვალი (30%), ჯარჯი აქიმიძე (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  4. 2004 - პაატა კარსანიძე (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  5. 2004 - ქიბარ ხალვაში (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  6. 2004 - შპს პანორამა (30%), ქიბარ ხალვაში (60%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  7. 2004 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (60%);
  8. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს საქცემენტი (22%);
  9. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%);
  10. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%); შპს გეო-ტრანსი (78%);
  11. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%), DELGADO RESOURCES LTD (55%);
  12. 2007 - კორპორაცია გეომედია გრუპი (55%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%);
  13. 2008 - კორპორაცია გეომედია გრუპი (40%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), ირაკლი ჩიქოვანი (30%);
  14. 2009 - ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), DEGSON LIMITED (70%);
  15. 2011 - DEGSON LIMITED (70%) შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალი (30%);
  16. 2011 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (90%);
  17. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), შპს მედია ჯორჯია (40%);
  18. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), გიორგი ყარამანიშვილი (40%);
  19. 2012 - გიორგი გეგეშიძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  20. 2014 - ნინო ნიჟარაძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG