Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა


ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერ-ჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

საჯარო რეესტრში, აქამდე, "რუსთავი 2"-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:

  • ლევან ყარამანიშვილი 22%
  • გიორგი ყარამანიშვილი 18%
  • შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
  • ნინო ნიჟარაძე 9%

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი მითვისება“ იქნება ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

„ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრება ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი - ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს „რუსთავი 2“-ის საჩივარს და ჩათვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, გვარამიას შეფასებით, საქმე მთლიანად დაინგრევა.

„თუ ამ დროს ხალვაში უკანონოდ იქნება დარეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, დღეს, ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG