Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ


„თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ“, - აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გადაცემა „ნანუკას შოუ“-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს არა ქიბარ ხალვაში, არამედ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ, ის მიმართავს არა ქიბარ ხალვაშს, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

„ეს არხი ერთიანია როგორც არასდროს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ბრძოლას მომავალში მოგვაგებინებს. ეს არხი შედგება ადამიანებისგან. მესმის, რომ ქიბარ ხალვაშმა დახატა ლოგო, რომელსაც ის გვედავება, მაგრამ ამ ლოგოს მიღმა ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც აგერ უკვე ათეულობით წელია ვართ ერთი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ თუ მას სურს, რომ დაამტკიცოს, რომ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, შეეშვას ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და ამ პოზიციაში ვართ ერთიანები, როგორც არასდროს“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

საჯარო რეესტრში, აქამდე, "რუსთავი 2"-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:

  • ლევან ყარამანიშვილი 22%
  • გიორგი ყარამანიშვილი 18%
  • შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
  • ნინო ნიჟარაძე 9%

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს უკვე მიმართა ნიკა გვარამიას ჩანაცვლების მოთხოვნით.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი, პაატა სალია იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG