Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ არის ჩემი. წილის 80%-ს ჟურნალისტებს გადავცემ


„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი... „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი, - უთხრა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მისი სიტყვებით, დღეს ის „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება და კუთვნილ 80%-ს მათ უსასყიდლოდ გადასცემს.

„მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტი არის გაყალბებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკვე საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, „რუსთავი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.

„პასუხს გავცემ, როცა გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თავის კლიენტს უთხრას მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზა დასრულდეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ საზოგადოებისთვის ეთქვა, თუ საიდან ჰქონდა მას ის თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: „ბებიათქვენმა დამიტოვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG