იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
როგორც ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, იულია სუსლიაკს ქართველმა სამართლდამცავებმა ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, რის გამოც ის ვეღარ ახერხებს საზღვრის გადაკვეთას:
„მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, შეეშინდათ შს სამინისტროს წარმომადგენლებს, მოატრიალეს ავტომობილი და იულია სუსლიაკი გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე. წაართვეს ყველანაირი საბუთი და არ უშვებენ საქართველოში. ახლა მივემგზავრები საზღვრისკენ, დამირეკა და დახმარება მთხოვა. არც ფული მაქვს და არც საბუთებიო“.
საქართველოს შს სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ იულია სუსლიაკი არ შემოსულა საქართველოში და, რომ უკრაინის მოქალაქე სუსლიაკი გაბრუნებული იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით ვახტანგისის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.
შს სამინისტროს განმარტებით, ქართველმა მესაზღვრეებმა იხელმძღვანელეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.
„ჰქონდა არასკმარისი ფინანსური სახსრები, არ ჰქონდა სამოგზაურო დაზღვევა და პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის შესახებ“, - განმარტეს შს პრესსამსახურში.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა ბაქო-თბილისის რეისსზე დააკვეს.
ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სუსლიაკი ხვალ ბრიფინგს გეგმავდა და აპირებდა ესაუბრა, თუ რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში და ვინ არღვევდა მის უფლებებს.