დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, 1969 წელს დაბადებულ შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.
"მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის", - განაცხადა ბრალდებულმა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული მოზარდი მუშა (2003 წელს დაბადებული გ.ბ.), რომელსაც 16 ივლისს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N 29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.