Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა სადავო კანონპროექტის მთლიანად გაუქმების მოთხოვნით


დემონსტრაცია ჰონგ-კონგში, 14 ივლისი
დემონსტრაცია ჰონგ-კონგში, 14 ივლისი

ათეულ ათასობით დემონსტრანტი მოითხოვდა 21 ივლისს ჰონგ-კონგის ქუჩებში ექსტრადიციის სადავო კანონპროექტის გაუქმებას. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდენ ადრინდელი დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების მიმართ.

ჩინეთის მმართველობაში მყოფი, ნაწილობრივ ავტონომიური რეგიონი ბოლო ხანებში მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან.


დემონსტრანტები მოითხოვდნენ ადრინდელი აქციების დროს პოლიციის მოქმედების გამოძიებას საგანგებო დამოუკიდებელი კომისიის მიერ. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ პოლიციამ იხმარა რეზინის ტყვიები, ასევე ცრემლმდენი და პილპილის აირი. ჩანაწერზე ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი შეუიარაღებელ დემონსტრანტებს ხელკეტებითა და ფარებით.
გასულ თვეში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში, რათა პროტესტი გამოეთქვათ ხელისუფლების მცდელობის მიმართ, დაემტკიცებინა კანონი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ჩინეთისთვის გადაცემას გახდიდა შესაძლებელს. ეს იყო 22 წლის წინ ბრიტანეთის ამ კოლონიის ჩინეთის მმართველობაში დაბრუნების შემდეგ უდიდესი გამოსვლები.

დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნიდა ეჭვმიტანილებს.
მთავრობამ კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ დემონსტრანტებს სურთ დოკუმენტის გაუქმება, ასევე ჰონგ-კონგის აღმასრულებელი უწყების ხელმძღვანელის, კერი ლამის გადადგომა.


21 ივლისის დემონსტრაციის ორგანიზატორებმა დაიჩივლეს, რომ პოლიციამ არ მისცა მათ ნება მათთვის სასურველი მარშრუტით გაევლოთ და სამთავრობო შენობებთან მისულიყვნენ.

დემონსტრაციის წინა დღეს პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებსაც იარაღი უპოვნეს.

XS
SM
MD
LG