Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი: ვთქვი, რომ პარლამენტში შესვლას ვაპირებდი, რადგან ხელფასი მქონდა ასაღები


„სახუმარო ხასიათზე ვიყავი“, - გამოკითხვიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ 20-21 ივნისის ღამის საქმეზე მოსამართლესთან საუბრისას, მან ბევრი იხუმრა:

„კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და შემდეგ, პროკურორობის გამო, სანამ პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამიტომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში. მათ მკითხეს, რატომ შედიოდი წინიდანო. მე ვუთხარი, რომ მეგონა, ბუღალტერია წინიდან იყო-მეთქი და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა, გვერდიდან არისო და გვერდიდან შესვლა ვცადე, მაგრამ ბოლოს მითხრეს, ხელფასს არ მოგცემთო“.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, „ერთადერთი აზრიანი“ კითხვა, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოკითხვისას დაუსვეს, შეეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა ის, თუკი ხალხი პარლამენტში შევიდოდა:

„ძალიან მარტივი პასუხია: ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. მათ ასევე მკითხეს, ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, კითხვა შეეხებოდა იმასაც, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს რაიმე ტიპის კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რაზეც მან უპასუხა, რომ კონსულტაციები შეეხებოდა სამი მაღალჩინოსნის გადადგომას და მათ ეს მოთხოვნები აქციაზეც დააყენეს.

გამოკითხვიდან გამოსული ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველა იმ მოვლენაზე, რასაც 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჰქონდა ადგილი:

„მის გარეშე აქციის დაშლის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. უშუალოდ ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები“.

20-21 ივნისს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG