საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კიდევ ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორისაა პირი, რომელმაც ვიდეოკადრები პირველმა გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები. აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობითვე, „ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.დ-სგან მიიღო.“
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა-ს მობილური ტელეფონი და კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა.
დ.ა-ს და მ.დ-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
შსს-ს განცხადებითვე, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის ამ საქმეზე დღემდე დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.
ეკა ბესელია შსს-ს განცხადებას სატყუარას უწოდებს. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამოძიება 2019 წლის იანვარში დაიწყო.