Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ჩვენ არ ვიყენებთ პროკურატურას და სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის


„ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასე ეხმაურება მინისტრი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხს და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში. თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას".

ნათია თურნავას თქმითვე, პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არ უკავშირდება მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას.

მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენით ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება:

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება".

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს, 17 საათისთვის მივლენ.

XS
SM
MD
LG