Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია გაიმართა ეკა კვესიტაძის და შოთა უტიაშვილის სახლთან


"რუსთავის 2"-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის სახლთან ტრანსფარანტებით და საყვირებით ხელში აქცია გამართა ახალგაზრდების ჯგუფმა. ისინი უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, იმ "ფეისბუკ" პოსტის გამო, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ბერძნიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები გორიდან ჩამოვიდნენ და შოთა უტიაშვილის ფეისბუკ პოსტის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. "უტიაშვილმა გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება და უნდა მოიხადოს ბოდიში. ჩვენ თავზე გადაიარა ომმა, გამოვიდეს და აგვიხსნას რა პლიუსი ჰქონდა აგვისტოს ომს."- ამბობს ბერძნიშვილი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორიდან, გოგა აფციაური იტყობინება, რომ აქციაზე მყოფი ის ახალგაზრდები, ვინც შოთა უტიაშვილის და ეკა კვესიტაძის სახლთან შეიკრიბნენ, გორელი ჟურნალისტებისთვის უცნობები არიან. არასდროს შეუნიშნავთ გორში გამართულ ანტისაოკუპაციო შეკრება-მანიფესტაციების დროს, აქციის ერთი მონაწილე კი "ქართული ოცნების" აქტივობებში ჩართული ახალგაზრდაა.

"აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო უჩა მშვიდობაძე. რადიო თავისუფლების პირდაპირი ეთერის დროს ის საპროტესტო პლაკატს სახეზე იფარებდა, პლაკატზე იყო წარწერა - „შოთა უტიაშვილი საქართველოს სირცხვილია“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავად მშვიდობაძემ სამუშაო საათების დროს აქციაზე ყოფნა დაადასტურა. იგი გორში კულტურის და ტურიზმის განვითარების აიპში მუშაობს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივობებში მუდმივად არის ჩართული და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა."

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების აქცია მასზე, როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლაა და არ ეხება მისი მეუღლის განცხადებას. კვესიტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტი, თავის ერთ-ერთ "ფეისბუკ" პოსტში ორგანიზატორად კოკა ყანდიაშვილის მოიაზრებს და აქციის მონაწილეებს ყანდიაშვილის "ბოტებად" მოიხსენიებს. დასტურად კი კოკა ყანდიაშვილის ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბავშვები შემიშინეს"- წერს ეკა კვესიტაძე.

აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ. მათი განცახდებით, ისინი ხვალ კვლავ შეიკრიბებიან.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა და მედია პლატფორმა "ეს პერსონას" დამფუძნებელმა კოკა ყანდიაშვილმა, რომელიც 2012 წლის შემდეგ პერიოდულად პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, საპასუხო "ფეისბუკ" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გააქილიკა ეკა კვესიტაძის შეფასება "ყანდიაშვილის რაზმთან" დაკავშირებით და ასევე მიმართა მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ხატია დეკანოიძესა და შოთა უტიაშვილს:

"მეგობრებო, ეკა კვესიტაძემ გაარკვია, რომ მე არა მარტო ფაბრიკა-ქარხნები მქონია, ახლა უკვე "შავ-ბნელ რაზმებსაც" ვმართავ.
ჯერ დაწერა ფეისბუქზე, მერე ეტყობა დაურეკა ხატიას, ბელად მიშას და ვიცე-ბელადს გვარამის, სადაქალოსაც
. ყველამ ეგრევე გამოაცხო სტატუსები - "კოკას რაზმიო", გესმით?
მე კიბერთავდამსხმელების პატრონს, ბოტებისა და ტროლების მფლობელს, ახლა რაზმებიც მყოლია.

ეკა, შენმა "ბუმბერაზმა" ქმარმა, გუშინ რომ სამყაროს ამცნო, "ომი იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვისო" - ეგ დაგავიწყდა?
ხალხისგან გაგიკვირდა, რომ პასუხი მოითხოვეს ამ ნაძირალობაზე? თუ შენც ფიქრობ, რომ აგვისტოს ომმა ამოასუნთქა საქართველო?"

​ეკა კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ აქცია მის სახლთან მის "რუსთავი 2"-ში საქმიანობას უკავშირდება. “თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს, ძალიან ცდება”, – აცხადებს ჟურნალისტი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს 18 ივლისიდან ახალი მფლობელი და ახალი დირექტორი ყავს. ჟურნალისტთა გუნდი, რომელთა ნამუშევარი მწვავე, ოპოზიციური კრიტიკით გამოირჩევა, არხის დატოვებას არ აპირებს და სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მფლობელის ჩაურევლობის გარანტიებს ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG