Accessibility links

სვანეთის სოფლები სტიქიამ დააზარალა


ძლიერმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ „მესტიაჭალე ჰესის“ მიმდებარე ტერიტორია დატბორა. როგორც რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

რა ზიანი მიადგა ხიდს და „მესტიაჭალა ჰესს“ დაუზუსტებელია. როგორც გუბერნატორის მოადგილე ამბობს, მდინარესთან ახლოს მისვლა ჯერ შეუძლებელია.

პრობლემებია მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მესტიის მერიის ინფორმაციით, მულახის ტერიტორიულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა და სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა. ამ დროისთვის ჭოლაშის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია.

ადიდებულმა ღელეებმა პრობლემები შექმნეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში და ჩვაბიანშიც. განადგურებულია შიდა სასოფლო დანიშნულების ხიდი და გზები.

როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. დატბორილია ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG