Accessibility links

„ამნესტი“ რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეიშნლი“ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნების წინ ოპოზიციის დევნის „ღია და უსირცხვილო მცდელობა“.

„ამნესტი“ ამ მოწოდებით გამოვიდა 25 ივლისს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის.

ოპოზიციის დევნად არის მიჩნეული ჩხრეკაც, რომელიც პოლიციამ ჩაატარა მოსკოვის საქალაქო საბჭოს წევრობის კანდიდატების, დმიტრი გუდკოვის, ივან ჟდანოვისა და ლექსანდრ სოლოვიოვის სახლებში.

კიდევ ორი ოპოზიციონერი კანდიდატი, იულია გალიამინა და სობოლ ლიუბოვი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 24 ივლისს, შუაღამეს დაიბარა მეორე დილისათვის, რათა დაეკითხა მოსკოვის საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლაში ეჭვმიტანის საფუძველზე.

ოპოზიცია გეგმავს 27 ივლისს აქციის ჩატარებას, რათა გააპროტესტოს მოსკოვის საარჩევნო კომისიის უარი სექტემბრის არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირებაზე.

ხელისუფლება უარს ამბობს აქციის ჩასატარებელი ნებართვის გაცემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG