Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ.

ოქრუაშვილისათვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20 ივნისს საქართველოს „პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას“.

ეს განცხადება გააკეთა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა პაატა კემულარიამ თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს „ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა“.

კემულარიას სიტყვებით, “აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია“.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის, განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG