Accessibility links

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის


ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ელჩი ინტერნეტმომხმარებლებს თხოვს ასევე რჩევებსა და რეკომენდაციებს, რა შეიძლება მოინახულოს ყაზბეგში.

ელჩმა ერთი თვის წინ მოწოდებაც გააკეთა ამერიკელებისთვის, გაატარონ ზაფხული საქართველოში.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - წერდა ელიზაბეთ რუდი.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად კამპანია #გაატარეზაფხულისაქართველოში მას შემდეგ წამოიწყეს, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს. აკრძალვა 8 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში"), რომელშიც უკვე რამდენიმე ათეული ათასი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG