Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრების გამო ციმბირის სამ რეგიონშია გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა


ციმბირის ტყეებში ხანძრების გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოიარსკის მხარესა და ირკუტსკის ოლქში. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ მოქმედებს ბურიატიაშიც.

ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 29 ივლისის მონაცემებით, ტყის ხანძრები ვრცელდება 1,6 მილიონამდე ჰექტარზე.

გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ რუსეთის განყოფილება მოსახლეობას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ პეტიციას ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ხანძრების ჩაქრობის მოთხოვნით. ორგანიზაციის შეფასებით, სახეზეა „ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა".

კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრ უსმა ასე ახსნა, თუ რატომ არ აქრობს ხელისუფლება ტყის ხანძრებს: „ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, რომელთან ბრძოლაც უაზრობაა და სადღაც, შესაძლოა, საზიანოც კი იყოს“. უსმა ეს განცხადება გააკეთა 29 ივლისს ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსვლისას.

ტყის ხანძრები მან შეადარა ზამთრის 30-გრადუსიან ყინვას, როცა „აზრადაც არავის მოდის აისბერგების გალღობა, რათა ჩვენთან დათბეს“.

XS
SM
MD
LG