Accessibility links

სამოქალაქო აქტივისტები ნანა კოსტავას წასვლას ისევ მოითხოვენ


„ნანა წადი“- ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში გამართეს აქცია-პერფორმანსი საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით.

ქალაქის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 31 ივლისს, აქტივისტებმა ნანა კოსტავას სამუშაო მაგიდაზე დაუწყვეს სოციალური ქსელიდან ამობეჭდილი სტატუსები და მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებშიც ნანა კოსტავა სიძულვილის ენის გამო იყო გაკრიტიკებული.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა 31 ივლისს პირველად მივიდა საკრებულოს სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია და პერფორმანსი გამართეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი გვანცა თოთაძე აცხადებს, საკრებულოს ყველა სხდომაზე და საჯარო სივრცეში, სადაც ნანა კოსტავა მივა, ეცდებიან შეუქმნან დისკომფორტი და აიძულონ დატოვოს საკრებულო.

„ნანას დღეს ვესაუბრებით მისი კოლეგებისა და სხვა პოლიტიკოსების კომენტარებით, რითაც ისინი ემიჯნებიან მას და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას... და ვიდრე ნანა კოსტავა საკრებულოს წევრია და დაესწრება სხდომებს, ჩვენ ამას გავაპროტესტებთ“, - ამბობს გვანცა თოთაძე.

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი საკრებულოს მუშაობის ჩაშლის მცდელობად შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ. მან მოითხოვა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს სხდომა დაეტოვებინათ. საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას აზრით კი, აქტივისტების პროტესტი გამოხატვის თავისუფლების საზღვრებში იყო მოქცეული.

თავად ნანა კოსტავა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის იგნორირებას ცდილობდა და კოლეგებსაც მოუწოდებდა, რომ ყურადღება არ მიექციათ მათთვის.

საკრებულოს წევრები - ალეკო ახალაძე და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ნანა კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილ პერფორმანსს იღებდნენ.

„მუშაობაში ხელს გვიშლით. ჩვენ საერთოდ შეგვიძლია მოვითხოვოთ სხდომის დახურვა და ვერ დაესწრებით სხდომას“, - განაცხადა ალეკო ახალაძემ.

ჟურნალისტებმა დეპუტატებს შეახსენეს, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ ივნისში დატოვა და საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელა.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუკის პირად გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

ნანა კოსტავამ 31 მაისს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებდა. თუმცა, 3 ივნისს, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლის კატეგორიული თხოვნით გადაიფიქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG