Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ახალი სატელევიოზიო პლატფორმის“ შექმნა გადაწყვიტა.

კეზერაშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დაანახა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ უბიძგა.

„ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა. ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები. მიმაჩნია,
რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია“
- წერს კეზერაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფლების და პროგრესის ხმას.

კეზერაშვილის მტკიცებით, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.

„დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს. იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად“ - წერს დავით კეზერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანმა, დავით კეზერაშვილმა საქართველო წლების წინ დატოვა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებებით. თუმცა, არცერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ დამდგარა.

ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის შემოდგიმაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG