Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმეზე EMC-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა


ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი

პოეტ ზვიად რატიანის საქმეში “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან დაკავებულის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებასა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.

საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს.

ზვიად რატიანი უთითებს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამ ეპიზოდზე, კერძოდ: დაკავების დროს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე - პოლიციის მანქანაში. შედეგად, ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის თერთმეტი დაზიანება, მათ შორის, თავისა და სახის არეში.

EMC-ის თანახმად, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს. მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს. ამასთან, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები:

"ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს".

გარდა უკვე წარდგენილი საჩივრისა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC ზვიად რატიანის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG