Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებენ


საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით, გარემოს დაცვისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. კანონი არასამთავრობო ორგანიზაციის, "მწვანე ალტერნატივის“ წინადადების საფუძველზე მომზადდა და ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილება დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. თანხას მიიღებენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაღუპულთა ოჯახები. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც.

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება 2019 წლის 17 აპრილს დაამტკიცა. მის მიღებას 2 წელზე მეტი დასჭირდა.

კანონი „რეინჯერთა მსოფლიო დღის“(31 ივლისი) მეორე დღეს ამოქმედდა.

31 ივლისი, „მწვანე ალტერნატივის“ დაბადების დღეცაა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მის წევრებს საზეიმო განწყობა არ აქვთ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნაკრესის“ (NACRES) გამგეობის წევრის და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავების გამო.

ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის დროს ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

XS
SM
MD
LG