Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კედელზე, რომელსაც კასეტური ბომბის კვალი ეტყობა, ოკუპაციის ამსახველი სტენსილი გაიხსნა


გორში ჭავჭავაძის #47-ში, კედელზე, რომელსაც ქალაქში კასეტური ბომბების გამოყენების კვალი ეტყობა, გაიხსნა სტენსილი, რომლის ავტორიც გაგოშა- გიორგი გაგოშიძეა.

„ალბათ ინტერპრეტირებადი ყველაფერია. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვანაირად დაინახო, თუმცა ამ კონკრეტულ მურალზე ნათელია ყველაფერი. ეს ისეთი საკითხია, რომელზე ალეგორიებიც, მე მგონი ნაკლებადაა საინტერესო. ანუ რასაც ხედავთ ეგ არის“, - უთხრა გაგოშამ რადიო თავისუფლებას.

მის მიერ შესრულებულ სტენსილზე ასახულია საოკუპაციო ხაზი. მავთულხლართებთან, ვაშლის ხესთან დგანან კაცი და გოგო. ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მხარეს ჰორიზონტს გაჰყურებენ. ხიდან ნაყოფი მავთულხლართის მიღმა ცვივა.

სტენსილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა კამპანიის „ ძალა ევროპაშია“-ს ფარგლებში. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ აგვისტოს ომი და მისი შედეგები ყოველთვის უნდა ახსოვდეს საზოგადოებას:

„აგვისტოს ომთან დაკავშირებული და ამ თემატიკის სტენსილი კამპანიის ფარგლებში პირველი არ არის. წინა წელს ზუსტად ამ დროს იგივე თემატიკის სტენსილი გავაკეთეთ თბილისში მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყველა ფორმით ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ აგვისტოს ომი და გავაკეთოთ ყველაფერი რომ არ დაგვავიწყდეს ეს ძალიან დიდი ტრაგედია“, -განაცხადა ეკა გიგაურმა.

პირველი სტრიტ-არტი, წარწერა- „დამოუკიდებლობის ფასი“- კასეტური ბომბებით დაზიანებულ აღნიშნულ კედელზე 2015 წელს გაკეთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG