Accessibility links

site logo site logo

ცუცხვათის მღვიმოვანში, 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლოზე გრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები


ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობას განაგრძობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია.

ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით.

1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს და განამარხებულ ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს.

მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები.

, „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ცუცხვათის მღვიმე დაცული ტერიტორიაა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG