სულ მცირე 18 კაცი დაიღუპა და 145 დაიჭრა ქაბულის პოლიციის ერთ-ერთი შტაბის წინ მომხდარი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად. ქალები და ბავშვებიც არიან ამ თავდასხმის მსხვერპლი, რომელიც, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის დროით დილის 9 საათზე მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა „კადრების შერჩევის ცენტრი“, სადაც, ორგანიზაციის თანახმად, დაიღუპა მრავალი ჯარისკაცი და პოლიციელი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა გამშვები პუნქტის მახლობლად, ქაბულის გოლაე დავა ხანას რაიონში მდებარე პოლიციის შტაბის წინ. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა. თავდასხმის ფონია სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და თალიბანს შორის, რომლის დროსაც, აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის თქმით, "მიღწეულია შესანიშნავი წინსვლა".