Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთაზე


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ - ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებენ. განმარტებებს ამ ვარაუდის შესახებ ნიკა გვარამია 19 საათზე აპირებს. ბრალის წარდგენის მიზნით იგი სწორედ ამ დროსაა დაბარებული გენერალურ პროკურატურაში.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა. უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, ბრალის წარსადგენი. კონტრაქტი რატომ დადევი ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ მის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალდების დადგენილების გამოტანის ფაქტის კომენტირებისას. როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, კონტრაქტი მას არ შეუდგენია, მასზე ხელი კი სხვადასხვა დეპარტამენტის გავლის შემდეგ მოაწერა:

“ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ. შუა წელიწადში როცა ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მხრიდან ზეწოლა იყო ინტერმედიაზე, ჩავსვი ადამიანი, რომელიც ამას უყურებდა შემოსავლებს. მათ შეეძლოთ იურიდიულად ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონრაქტს-მეთქი. ეს სამეწარმეო ზეწოლა იყო იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ჩემზე. რა მოხდა? მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მლნ ნამატი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, პიარის მიზნებისთვის გაკეთებული მთავარი ტყუილი არის ის, რომ ბინები მოიპარა:

“კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი ამოღებული აქვთ “ინტერმედიიდან” – ის ხელშეკრულებაც და სესხის დახურვის ხელშეკრულებაც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წარდგენის დადგენილება 9 აგვისტოს გამოიტანა. დადგენილების თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია". კერძოდ, გამოძიების თანახმად, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“.

ნიკა გვარამია ბრალის წარსადგენად გენერალურ პროკურატურაში 9 აგვისტოს 19 საათზეა დაბარებული.

ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

XS
SM
MD
LG