Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ნიკა გვარამიას საქმეზე: საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას „წონადი მტკიცებულებები“ წარმოადგინონ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე. მათი განცხადებით, ეს საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა, მათი შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან.

„ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა.

აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „მედიის განვითარების ფონდი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG