რუსეთში უკვე იკრიბებიან დემონსტრანტები, რომლებიც პატიოსანი არჩევნების მოთხოვნით სანქცირებულ მიტინგებს გამართავენ მოსკოვში, ხაბაროვსკსა და რუსეთის სხვა დიდი ქალაქებში. სოლიდარობის პიკეტები უკვე მიმდინარეობს ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, ომსკში, კემეროვსა და ტომსკში.
მოსკოვში სანქცირებული მიტინგი დაიწყება 14 საათზე. იუწყებიან, რომ ამ სამოქალაქო აქციის მიმართ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი, რადგან მანამდე გამართული აქციები 27 ივლისსა და 3 აგვისტოს, პოლიციამ დაარბია და დააპატიმრა 1400-მე მონაწილე.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრება და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დილიდან წვიმს და ცივი ამინდია, აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ დაახლოებით 100 ათასი კაცის შეგროვებას.
რადიო თავისუფლების პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, მოსკოვში სახაროვის მოედანზე, მიტინგის ჩატარების ზონაში, პოლიცია მეტალოდედექტორებით ჩხრეკს მოქალაქეებს, მოედანი გარშემორტმულია დროებითი დამცავი ჯებირებით, წესრიგს იცავს რამდენიმე ათასი პოლიციელი.