სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების კანონით განსაზღვრული 48 საათის განმავლობაში გეგმავს. დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სააპელაციო სასამართლოს ხვალ,12 აგვისტოს მიმართავს.
„არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძირეულად შეცვლის, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ფორმალურად მაინც ყველა საშუალება გამოვიყენოთ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. სააპელაციო სასამართლოსგან დაცვის მხარე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ასევე ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.
ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს, თუმცა გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.
"რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებას უწოდებს "პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" ხელისუფლების და პირადად ბიძია ივანიშვილის მხრიდან.