Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი საძაგლიშვილი: "რუსთავი 2"-ის ადგილას საცხოვრებელ კორპუსებს ვნახავთ


"რუსთავი 2"-ის ყოფილი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვის შესახებ, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ხალვაში გამოყენებული იყო ხელისუფლების მხრიდან ინსტრუმენტად, რომ "რუსთავი 2" ჩამოშლილიყო.

"მიზანი ბუნებრივია იქნება ის, რომ სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ვნახავთ საცხოვრებელ კორპუსებს და არა ტელევიზიას. წინა მფლობელებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას და ალბათ, ამით ცდილობს ხელისუფლება, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. იმ დროისთვის, როცა დასრულდება დიდ პალატაში გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა კომპანია საერთოდ აღარ არსებობდეს", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დიმიტრი საძაგლიშვილი ასევე აღიშნავს, რომ ხალვაშის მიერ დასახელებული ფინანსური დავალიანება "გაბერილია".

"საგადასახადო დავალიანება არის 27 მილიონი ლარი, ეს რეალობასთან ახლოს არის, მაგრამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია. ასეთი დავალიანება აქვს ტელეკომპანია "იმედსაც". ქვეყანაში რამდენჯერმე გამოცხადდა ამნისტია ტელეკომპანიებთან დაკავშირებით საგადასახადო დავალიანებებზე, ასე რომ ეს მიზეზი არ არის დამაჯერებელი. დანარჩენი ვალდებულებები კი გაბერილი რიცხვია. არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ბუღალტრულად კომპანიას აქვს, თუმცა სამართლებრივად მათი ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია და კომპანიას ისინი გადასახდელი არც აქვს", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს ყიდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG